„ვფიქრობ, ქართველებს რუსეთისგან მსგავსი გზავნილი ადრეც მოუსმენიათ. პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, არის საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ძალების გაყვანა. ეს იქნება იმის ნამდვილი ნიშანი, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი და უბრალოდ დეზინფორმაციას არ ეწევა.
ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აუქმებს ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებას და დაუყოვნებლივ ხსნის წვდომას ჰუმანიტარული დერეფნებზე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის დიალოგის მექანიზმი და თუ რუსეთი გამოიყენებს ამ მექანიზმს უფრო ეფექტიანად და კეთილსინდისიერად, შესაძლოა, დავინახოთ მეტი პროგრესი ამ კონფლიქტების დარეგულირებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე, გუშინ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მღალჩინოსანმა ალექსანდრ ბიკანტოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, თბილისთან ორმხრვი ურთიერთობები აღადგინოს იმ ხარისხით, რა ხარისხითაც მზად არის ქართული მხარე. მისივე თქმით, რუსეთში არასოდეს დაუსვამთ ტოლობის ნიშანი სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და საქართველოს ხალხს შორის.
ბიკანტოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უპასუხა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე.