weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არჩევნების წინ სოსო გოგაშვილი „სახალხო პარტიაში“ წევრიანდება

14:21 ოთხშაბათი, 11 აგვისტო 2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი „სახალხო პარტიაში“ ბრუნდება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც გოგაშვილი ამბობს, ახლა მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ყოფნა მისთვის დანაშაულის ტოლფასია, რის გამოც გადაწყვიტა დაბრუნდეს პარტიაში, რომლის წევრი პირველად 27 წლის წინ გახდა. გოგაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოცნება დაუნგრია.

„გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ამერიკული დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, მარტინ ლუთერ კინგის მსგავსად, 2012 წლის გარიჟრაჟზე, მეც მქონდა ოცნება, რომ უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით, სადაც დემოკრატია, სამართლიანობა და თანასწორობა იზეიმებდა. გამოჩნდა თითქოს კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი წლების შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ეს ოცნება „ოცნებამვე“ დაანგრია. ისევ იმ მორევმა ჩაგვითრია, სადაც ბედნიერად თავს მხოლოდ ერთეულები გრძნობენ“, – აცხადებს გოგაშვილი.

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, მამუკა გიორგაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, გოგაშვილი მერობის კანდიდატიც იყოს.

„ამაზე ვიმსჯელებთ. ეს უკვე შიდაპარტიული საკითხია. სოსო გოგაშვილს აქვს პოლიტიკური ხედვები, შესაძლებლობები, ვნახოთ, საერთო კონტექსტში როგორ იქნება და მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგაძემ.

იოსებ (სოსო) გოგაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მანამდე გოგაშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და საარსებო შემწეობას იღებდა. გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი 2012 წელს არსად არ მუშაობდა. 2013 წლიდან მან საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაიწყო მუშაობა, 2017 წლისთვის კი გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო და მისი წლიური ანაზღაურება 83 250 ლარს შეადგენდა.

„რეგინფო“ წერდა, რომ გენერალურ ინსპექციაში თანამდებობაზე მუშაობისას, 2012-2014 წლებში, სოსო გოგაშვილმა შრომის ანაზღაურების სახით საერთო ჯამში 81 276 ლარი აიღო. 2015 წელს, როდესაც იგი ჯერ შს მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა, გოგაშვილის წლიური ანაზღაურება 136 273 ლარი იყო. 2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 142 610 ლარი შეადგინა, 2017 წელს კი 142 044 ლარი. გოგაშვილმა თანამდებობა 2018 წელს დატოვა.

2019 წელს შევსებულ ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სოსო გოგაშვილისა და მისი მეუღლის საკუთრებაში იყო: 2017 წელს 20 000 აშშ დოლარად შეძენილი 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში (ლისის საკრებულო), 2016 წელს თბილისში, ავთო ვარაზის ქ. №91-ში 75 000 დოლარად შეძენილი 161 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა (261 კვ.მ მიწის ნაკვეთით), რომლის რემონტიც 60 000 დოლარი დაჯდა, ხოლო ტექნიკა და აპარატურა 25 000 დოლარი, 2016 წელს თეა მარტყოფლიშვილის მიერ შეძენილი იმავე წელს გამოშვებული ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“, რომელშიც 37 400 დოლარი გადაიხადა. დეკლარაციების მიხედვით, გოგაშვილმა და მარტყოფლიშვილმა აღნიშნული ქონება საბანკო სესხებით შეიძინეს.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, 2018 წელს თეა მარტყოფლიშვილი არსად აღარ მუშაობდა.

სუს-ის პირველი მოადგილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დასაქმდა და არსებული ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს „საარჩევნო შტაბის მონიტორინგის სამსახურის უფროსი“ იყო. 2020 წელს გოგაშვილი პარტიიდანაც წავიდა, 2021 წლის დასაწყისში კი არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“ დააფუძნა.

იოსებ გოგაშვილის სახელი დაკავშირებულია 2017 წლის დეკემბრის ბოლოს პანკსის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. მოკლული მაჩალიკაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობდა, გოგაშვილი ამას უარყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]