weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია თავისუფლების განხორციელება – პრეზიდენტი ვაქცინაციაზე

00:03 პარასკევი, 13 აგვისტო 2021

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს კურთხევა უნდა მისცეს კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად. ამის შესახებ მან დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება მოსახლეობას და მაშასადამე, სახელმწიფოს და რომელმაც 6278 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა. პრეზიდენტის განცხადებით, ყველა დიდი გამოწვევის წინაშე გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის.

„ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას, თუმცა დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება!

ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ,  ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებელნი!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა დადგენილება ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც ნათქვამია: „საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.“ ამ საკითხზე გუშინ კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაც გავრცელდა. ილია მეორე ამბობს, რომ აიცრება თუ არა ის, არ შეიძლება განმსაზღვრელი იყოს სხვებისთვის.

„ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქი აღნიშნავს, რომ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]