ლაცაბიძე, რომელიც გასულ წელს რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს, ამბობს, რომ ლევან ონიანი ქალაქის ინტერესებს არ ემსახურებოდა, თუმცა არ განუმარტავს, რას გულისხმობს ამაში.
„რამდენიმე დღეა წარვადგინე ის გუნდი, რომელ გუნდთან ერთადაც ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის და იმ შესაძლებლობის გამოსავლენად კიდევ, რა პოტენციალიც და შესაძლებლობებიც ჩვენს ქალაქს აქვს. ამ გუნდში ბატონი ლევანი არ მოიაზრებოდა, მით უმტეს, როგორც თავმჯდომარე. ალბათ, ეს იყო მიზეზი მისი გადაწყვეტილების და ეს გახდა მოტივი. ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, რომ მომავალში მაინც ქალაქის ინტერესებიდან გამოვიდეს და ემსახუროს ქალაქის განვითარებას“, – განაცხადა ლაცაბიძემ ქვემო ქართლის ტელევიზიასთან ინტერვიუში.
ლევან ონიანმა, რომელიც რუსთავში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანიც იყო, პარტია გუშინ დატოვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება. როგორც ის ამბობს, ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკის გამო მიიღო.
„როდესაც ხარ საკრებულოს თავმჯდომარე (ამხელა პოლიტიკური თანამდებობა გაქვს) და ამავე დროს ხარ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ელემენტარულად უნდა გკითხონ, ვინ უნდა იყოს სიაში. როდესაც დგება სია ისე, რომ არავინ აზრზე არ არის, გარდა ერთი-ორი ადამიანისა, ეს მიანიშნებს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღება არ ხდება გუნდურად“, – ამბობს ლევან ონიანი.
მისივე თქმით, ის „სახალხო პარტიას“ შეუერთდება.