„პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც აქვთ სურვილი, ამბიცია და უნარი, რომ იყვნენ რეფერენდუმის წინა ხაზზე, უნდა იყვნენ რეფერენდუმის წინა ხაზზე. რაც შეეხება გიგი უგულავას, ის აქტიურად განიხილებოდა, რომ ყოფილიყო რეფერენდუმის ლიდერი ფოთში. შემიძლია ფაქტობრივად დაგიდასტუროთ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. კონსულტაციები მიმდინარეობს და ალბათ, ლოგიკური იქნება, თუ გიგი უგულავა იქნება მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ფოთში და მას სხვა ოპოზიციური კანდიდატები არ დაუყენებენ კონკურენტებს“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
„ევროპულ საქართველოში“, რომელიც გიგი უგულავამ რამდენიმე თვის წინ დატოვა, აცხადებენ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, დაუჭერენ თუ არა მხარს უგულავას კანდიდატურას.
„ახლა ამასთან დაკავშირებით ვერანაირ ოფიციალურ განაცხადს ვერ გავაკეთებთ. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ „ევროპული საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი საერთო, შეთანხმებული კანდიდატი გვყავდეს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სადაც რამდენიმე კანდიდატით გასვლა ჯობია, რამდენიმე კანდიდატით გავიდეთ“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია.
თავად გიგი უგულავას ფოთის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 29 მუნიციპალიტეტში (რომელთა შორის ფოთი არ იყო) მერობის კანდიდატები 15 აგვისტოს წარადგინა. მათგან, მაგალითად, ბათუმის მერობის კანდიდატს, გიორგი კირთაძეს სხვა ოპოზიციური პარტიებიც უჭერენ მხარს.