დღეს, მესტიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ არჩევნების გადადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციაა, რისთვისაც სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას იყენებენ.
„ე.წ. ოპონენტებმა და ოპოზიციამ, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, დაიწყეს აჟიოტაჟი, დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოიყენეს.
დღეს ქალბატონი ნინო გამოვიდა ინიციატივით: მივმართავ პრემიერს, რომ იქნებ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას. ეს, რა თქმა უნდა, არის პირდაპირ „ნაციონალების“ მიერ შემუშავებული გეგმა. ჩვენ ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით. არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ, ამერიკის, ევროპის ქვეყნების, აზიის, ყველგან. კოვიდპანდემიის დროს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემოსული ვაქცინა, არავის მოსვლია აზრად არჩევნების გადადება. ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ ამას გვთავაზობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, არ გაგვიკვირდება, რადგან ვიცით მათი ხელწერა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ყველასა მოგიწოდოთ, ეს სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მივყვეთ სტაბილურად ჩვენს გეგმას, ჩვენს დღის წესრიგს, არ შევაფერხოთ არც მშვიდობიანი განვითარება, არც სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სახალხო დამცველის განცხადებით, არჩევნების გადადება - არ გადადების საკითხი უფრო მეტად ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხია, ვიდრე პოლიტიკური. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ თუ არჩევნები არ ჩატარდება, დიდი ალბათობით, კორონავირუსით უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება. ნინო ლომჯარიას განმარტებით, გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ არჩევნების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.
„დღესდღეობით, ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ჯანდაცვის სექტორი იმდენად არის გადატვირთული, რომ მას არათუ კოვიდპაციენტების მიღება, მოქალაქეებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევაც კი, ხშირ შემთხვევაში ძალიან უჭირს და უგვიანდება. რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც გვექნება არჩევნები და დიდი ალბათობით კიდევ მეტად გაიზრდება ინფიცირებულების რაოდენობა? რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანების და საზოგადოების სიცოცხლის უფლების ხარჯზე? ყველა ვაცნობიერებთ, რომ შესაძლებელია ამის გამო თითეულმა ჩვენგანმა, ჩვენმა ახლობელმა ან ჩვენმა ოჯახის წევრმა ვერ მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 5021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 58 ადამიანი კი გარდაიცვალა. გუშინ, ინფიცირების 5924 და გარდაცვალების 60 შემთხვევა იყო. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 57 762 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც 7356 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პაციენტი.