weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან ეპიდსიტუაცია დამშვიდდება – ღარიბაშვილი

11:58 ორშაბათი, 30 აგვისტო 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური „სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა და დამშვიდებისკენ მიდის პროცესი“, მაგრამ, „არ უნდა მოვეშვათ“.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მთავარი გამოსავალი არის აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ.

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე ორი მილიონი მოქალაქე იყოს აცრილი. მათგან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი ორჯერადად აცრილი. ალბათ, მილიონს კორონავირუსი გადატანილი ექნება და აქვს კიდეც გადატანილი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ... ჩვენი ექიმებისა და მეცნიერების პროგნოზია, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. ეს რამდენიმე კვირა დაგვრჩა, რომ ყველამ ერთად გადავიტანოთ ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია, თუმცა იქამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აცრების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

„ეტაპობრივად იხსნება სკეპტიკური დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. ამ სიტუაციაში პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს, ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს და ჩვენც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1915 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 78 ადამიანი კი გარდაიცვალა. დღეისთვის ქვეყანაში ინფიცირების 49 017 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7660 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1660 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი. რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13.4%-ია. გუშინ, 29 აგვისტოს, 17 670 ადამიანი აიცრა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროცესები კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. ამის გამო ნინო ლომჯარიამ მთავრობას, პოლიტიკოსებსა და ეპიდემიოლოგებს მოუწოდა, არჩევნების გადადების საკითხზე იმსჯელონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]