weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერის თქმით, საქართველო ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებას არ მიიღებს

12:14 სამშაბათი, 31 აგვისტო 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, „თავი შეიკავოს“ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების - 75 მილიონი ევროს მიღებისგან. როგორც ის ამბობს, ასეთი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი საგარეო ვალის შემცირებაა. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხმა „ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა“.

„მოსახლეობას შევახსენებ, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილი ავიღეთ 2020 წელს. 75 მილიონი ევროს მეორე ნაწილი იყო სესხი (ეს არ იყო გრანტი და დახმარება), რომლის თაობაზე, ალბათ მოგვიანებით, დამატებით, ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს კომენტარს, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ჩვენ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც აღმოგვიჩინეს კოვიდპანდემიის მართვის დროს და ზოგადად, რაც გააკეთეს და აკეთებენ ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას.

მეორე მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა, ამიტომ ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ის კი არა, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი არგუმენტაცია და მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებაზე შეთანხება 2020 წელს გაფორმდა. ამ თანხიდან 75 მილიონი ევრო საქართველომ იმავე წელს მიიღო, ხოლო დარჩენილი 75 მილიონის მიღება დამოკიდებული იყო საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საჯარო ფინანსების მართვის, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის, ასევე ბიზნესკლიმატის მიმართულებით გასატარებელ რეფორმებს.

მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მისაღებად 19 აპრილის შეთანხმების შესრულების და რეფორმების გატარების მნიშვნელობის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 23 აგვისტოს, კიევში შეხვედრის დროს შეახსენა. ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტი მიშელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება.

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი) ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]