როგორც უსუფაშვილი ამბობს, ხელისუფლების შეცვლა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ, რადგან რაც დრო გადის, მით უფრო სამარცხვინო ხდება უკან მოხედვა.
„მე ვარ ერთერთი იმ ადამიანთა შორის, რომელსაც ეს სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც „ოცნება“ მერქვა. მეც თანამონაწილე ვიყავი იმ რაღაც პროცესის, რომლის დასაწყისი იყო სრულიად სხვა, მიზნები იყო სრულიად სხვა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
უსუფაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა „თავგზააბნეულობაზე“ მიუთითებს, რადგან მათ საკუთარი პოლიტიკური გადარჩენის გარდა აღარაფერი აინტერესებთ.
„ევროკავშირი აგრძელებს ქართველ ხალხზე ზრუნვას და უკვე დიდი ხანია დარწმუნებულია „ოცნების“ დღევანდელი ვერსიის არსში და არ აპირებს აყვეს მას, საქართველოს დასჯას არ აპირებს, მაგრამ ეს ხელისუფლება, რომ დასასჯელიცაა და სათანადო ადგილზე გასაშვებიც, ამაში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი. პოლიტიკური მანევრი აღარ ჰქვია ამას, პოლიტიკური თვალთმაქცობაც აღარ ჰქვია, ძალიან ბევრი რამ აღარ ჰქვია, ეს არის თავგზააბნეული, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ხელისუფლების დავიწროებული თვალსაწიერი და საკუთარ პოლიტიკურ გადარჩენას უკავშირებენ ხელისუფლებაში დარჩენას და ამის მიღმა არაფერი აღარ აღელვებთ. არ აღელვებთ ის, თუ რანაირად წარმოჩნდება ქვეყანა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი იყო, „ქართული ოცნების“ კოალიციაში 2011-2016 წლებში შედიოდა. უსუფაშვილი 2012-2016 წლებში პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.