ლავროვმა ეს განცხადება საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (MGIMO) გააკეთა, სადაც დღეს, პირველ სექტემბერს, სასწავლო წელი გახსნა და სიტყვით გამოვიდა. საქართველოსთან დაკავშირებით შეკითხვა მას ერთ-ერთმა სტუდენტმა დაუსვა.
„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს ურთიერთობები, არსებობს ინტერესის სექციები რუსეთისა საქართველოში და საქართველოსი რუსეთში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ვაჭრობა – საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ვართ. დიახ, არის ტურისტების ნაკადი. ჩვენს ხალხს უყვარს საქართველოში ჩასვლა, მე თვითონაც ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა.
რაც შეეხება ოფიციალურ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს, დიპლომატიურ ურთიერთობებს, ის არ არსებობს, გაწყვეტილია თბილისის ინიციატივით. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა აღდგენასთან დაკავშირებით.
სხვათა შორის, ჩვენ განზრახული გვქონდა გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როდესაც ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. თავიდან მაინც ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა და რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავთ საქართველოში გამგზავრებას. სადღაც წელიწადნახევრის წინ ჩვენ იმისთვისაც კი ვიყავით მზად, რომ რუსეთში ჩამოსვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ჩვენც გამოგვეცხადებინა, თუმცა ერთი არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ, რომელიც თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის მორიგ სხდომაზე დასასწრებად იყო ჩასული. ჩვენი დეპუტატი ამ სამბლეის თავმჯდომარე იყო. საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, თავად ქართველმა მასპინძლებმა ის დასვეს თავმჯდომარის სავარძელში. მაშინვე კარებში გამოჩნდნენ ბრბო მოთხოვნით შეწყდეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, საქართველოს პარლამენტის ოკუპაცია. საქმე ხელის შეხებამდეც კი მივიდა და რა თქმა უნდა, ამის საპასუხოდ (არანაირი ბოდიში არ მიგვიღია), უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობა და ასევე რეგულარული ავამიმოსვლის აღდგენა შევაჩერეთ.
თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს რუსეთის კარტის გათამაშება (ე.ი. თავის სასარგებლოდ რუსეთის თემის გამოყენება - რედ.) დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, არამედ უნდა ჩვენთან, როგორც თავისი მეზობელთან, ნორმალურად იცხოვროს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ მომენტში“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 13 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. რაც შეეხება „უხეში პროვოკაციას“, რომელიც ლავროვმა ახსენა, 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე რუსეთის დუმის დეპუტატები ჩამოვიდნენ, რა დროსაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა ასამბლეის დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი პროტესტი და მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები გამოიწვია. გავრილოვს და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებს საქართველოს დატოვება მოუხდათ. 2019 წლის 8 ივლისიდან, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების შესრულება აიკრძალა.
სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებს.