weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი გატეხილი პირობა – აშშ საკონსტიტუციო ცვლილებებზე

10:28 ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2021
ფოტოზე - საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ფოტოზე - საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანმხების კიდევ ერთი პირობა გატეხა.

„პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“, – აცხადებს საელჩო.

მათივე განცხადებით, ცვლილებას რეკომენდაციას უწევდა ვენეციის კომისია - სამართლის ექსპერტთა საერთაშორისო ორგანო, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ექსპერტები.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ, რომელმაც ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“, ვალდებულება აიღო, განეხორციელებინა ეს ცვლილება, რათა გაზრდილიყო საზოგადოების ნდობა მთავარი პროკურორის მიმართ და უზრუნველეყო პოლიტიკური ზეგავლენისგან მისი დამოუკიდებლობა.

მხედველობაში ვიღებთ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელთა განცხადებებს, რომ მათ ვერ შეძლეს, მხარი დაეჭირათ მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რათა შეენარჩუნებინათ მმართველი პარტიის მხარდაჭერა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, სრულად პროპორციულ არჩევნებთან, ორპროცენტიან ბარიერსა და ფრაქციებთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ უარი, მხარი დაეჭირა მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის ეწინააღმდეგება პარტიის მიერ 28 ივლისს განმეორებით გაცხადებულ ნებას, გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად.

ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს“, – აცხადებს ამერიკის საელჩო.

განცხადების ავტორთა თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელსაც არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.

„მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის პირობებში საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, ბიზნესდავები მიკერძოებულად არ გადაწყდება და პოლიტიკური ოპონენტები არ გახდებიან არასამართლიანი დევნის სამიზნენი. პროკურატურასა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომლებს უფლება უნდა ჰქონდეთ, დაიცვან კანონი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესის რეფორმირებას ახდენდა ამ მიზნის განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, რომ განაახლებდნენ ძალისხმევას და ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე. მათ უნდა შეასრულონ თავიანთი პირობა და განახორციელონ სასამართლო რეფორმის წინა ტალღების ყოვლისმომცველი, მრავალპარტიული შეფასება და შეიმუშავონ მართლმსაჯულების სისტემის გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები. ეს რეფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ისეთი მიუკერძოებელი, პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 7 სექტემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. „ქართული ოცნების“ მოთხოვნით, დღის წესრიგიდან იქნა ამოღებული კანონპროექტის ის პუნქტი, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხებოდა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გენპროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილება, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმებაც ითვალისწინებს, სამართლებრივი სიმახინჯე იყო და ის ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს შეამცირებდა. კობახიძის თქმით, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა არგუმენტები, რატომ უნდა მიეღოთ აღნიშნული ცვლილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]