weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეგის ქარდავა აცხადებს, რომ უკრაინიდან მისი ექსტრადიციის პროცესი დაჩქარებულია

13:36 შაბათი, 11 სექტემბერი 2021

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა აცხადებს, რომ მისი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის პროცესი დაჩქარებით მიმდინარეობს და ეს პოლიტიკური შეთანხმების აქტია. ამასთან, როგორც ქარდავა ამბობს, საქართველოსთვის მისი გადმოცემა ქართული ოცნების მიერ წინაასაარჩევნო კამპანიისთვის იქნება გამოყენებული.

„უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით საქართველოში ჩემი ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია და უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების ქოცხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას, ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის“, – ნათქვამია მეგის ქარდავას განცხადებაში.

ქარდავა აღნიშნავს, რომ წლებია, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურად იდევნება. საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ყოფილი მაღალჩინოსანი მიმართავს სახალხო დამცველს, რომელიც, მისივე შეფასებით, „სახელმწიფოს მესამე ვადით მიმტაცებელმა პუტინის ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა“. 

„მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება, რათა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ მიეცეს საშუალება პოლიტიკური დევნის პროცესში ჩემს წინააღმდეგ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის ზეწოლები პოლიტიკური მოტივით შეკერილ საქმეებში ჩემგან ცრუ ჩვენებების მოპოვების მიზნით, რისი მოსალოდნელი მცდელობების მიუხედავად ბოლომდე დავრჩები ჩემი პრინციპებისა და სამშობლოს ერთგული“, – ამბობს მეგის ქარდავა.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლიდან ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში 2017 წელის ნოემბერში დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა. 2018 წელს, მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

ქარდავა საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული, მათ შორის: პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მისჯილი აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე) მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ე.წ „კასრების“ საქმეზე მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]