გახარიას თქმით, ქვეყანაში ქაოსია და „ქართულ ოცნებას“ წესრიგის დამყარების რესურსი აღარ აქვს.
„რაღაც პერიოდიდან ყველაფერი მიდის უკან. ეს უკან სვლა გასაჩერებელია, თორემ მართლა მივალთ იმ 12 წელს და რითაც დაიწყო „ოცნებამ“, იქ მივალთ. ამ 9 წლის განმავლობაში რასაც მივაღწიეთ, განულდება. წრე თავიდან დაიწყება. შემდგომ მოვა ახალი და იმასაც ყველაფერი ახლიდან ექნება ასაშენებელი. ფაქტობრივად, ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, „ოცნება“ თავისი უსუსურობისგან და უგუნურებისგან უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ რაც კარგი გაკეთდა, ის ჩვენია, საქართველოს მოქალაქეებისაა. ახლა თვითონ ანგრევენ იმას. რატომ ანგრევენ? დღეს ქვეყანას წესრიგი სჭირდება. წესრიგს სჭირდება პოლიტიკური რესურსი და პოლიტიკურ რესურსს სჭირდება სამართლიანობის განცდა. არცერთი არ არის.
დღეს „ქართული ოცნება“ გენიოსებით რომ დააკომპლექტო, რომლებიც დადებენ იდეალურ პროგრამებს, იდეალურ სტრუქტურულ რეფორმებს, ნულია იმის ფასი. რატომ იცით? ვერცერთს ვერ განახორციელებენ. არც პოლიტიკური რესურსია, არც ნდობა აღარ არის“, – განაცხადა გახარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები ამიტომ გამოდიან და „ფეხების ბაკუნით“ იმუქრებიან, რომ არჩევნების შემდეგ ყველას ადგილს მიუჩენენ და დასჯიან.
„რისი დამსჯელები არიან, ერთმანეთის ეშინიათ და ცხვირის წინ ვერ იყურებიან. ვინ უნდა დასაჯონ, ვის ემუქრებიან ჯერ საერთოდ?! ესენი ემუქრებიან ხალხს, რომელიც სახელმწიფო სამსახურშია წლების განმავლობაში და კადრულობენ, რომ ვიღაცაზე თქვან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაცია ამან... ნეტა გაბედონ და შეტევა მიიტანონ რომელიმე მათგანზე, მერე ნახავენ ცეცხლის გახსნა როგორი უნდა“, – თქვა გიორგი გახარიამ.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. საერთაშორისო პარტნიორობის შუამავლობით, მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა იმ საბაბით, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას არ უერთდებოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი მხოლოდ 2 სექტემბერს მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ უფლებას, 43%-იანი ბარიერის შესახებ აღებულ ვალდებულებას გაექცეს.
ამის პარალელურად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველა საარჩევნო შეხვედრაზე მხარდამჭერებს არწმუნებს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ამბობს, რომ 1%-ის აღების შემთხვევაშიც კი, „არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება“.