weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გახარია მღვდლებზე კომპრომატების შეგროვებას ითხოვდა – მეუფე იაკობი

12:25 პარასკევი, 17 სექტემბერი 2021

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ფაილებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს, თანამშრომლებს სასულიერო პირების შესახებ კომპრომატების შეგროვებას ავალებდა.

გახარია პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატია, საქართველოს შს მინისტრი კი 2017-2019 წლებში იყო. ბოდბელი ეპისკოპოსის ბრალდებასთან დაკავშირებით მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

„მტკიცებით ფორმაში ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ როცა დრო იყო და ვამბობდი, ყურადღება რომ მიექციათ, ალბათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე. მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შს მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე, ეპისკოპოსებზე, ზოგადად, სასულიერო პირებზე, შეეგროვებინათ კომპრომატები და მიეტანათ. ეს აბსოლუტურად საჯაროდ ვთქვი, დავაფიქსირე და მაშინ, ძალიან ბევრი, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლებიდან უარყოფდა მასეთ რაღაცას. ამას კრიტიკას ვერ დავარქმევდი. მე ვამბობ, რომ სიმართლეს ვლაპარაკობდი. ვისაც ავალებდა, რამოდენიმემ მითხრა და თან, რამდენიმე მხრიდან ვამოწმებდი და აბსოლუტურად მასე იყო“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფაილებში მოცემული ინფორმაცია ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პირად ცხოვრებას, მათ საუბრებს პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან. ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები. ინტერნეტში გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ჩანაწერებში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა არაერთმა ადამიანმა.

14 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

„ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეკლესიის წინააღმდეგ. ვის მიერ და რა თქმა უნდა, ჩვენი ამ დესტრუქციული ოპოზიციის მიერ, სააკაშვილის და სამწუხაროდ, იკვეთება სხვა მოღალატეების კვალიც მთელ ამ შეთქმულებაში“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ფაილებს.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ პროკურატურა ყველა ვერსიას დაამუშავებს, მათ შორის, იმასაც, „თეორიულად ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია, ხოჯევანიშვილი, რომელიც, სხვათა შორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წვდომა ჰქონდათ ძალიან დიდ ინფორმაციასთან, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც“.

გიორგი გახარიას პარტიამ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში სახალხო დამცველისა და დამოუკიდებელი ექსპერტების დაუყოვნებლივ ჩართვა მოითხოვა. გარდა ამისა, ოპოზიციური პარტია ითხოვს, რომ ამ საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]