weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველას, განსაკუთრებით კი რადიკალურ ოპოზიციას, მოვუწოდებ თავი შეიკავონ – ღარიბაშვილი

20:58 ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ პერტიებს და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან.

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში ემოციები მატულობს.

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება.

მშვიდად დაველოდოთ არჩევნების დღეს და 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, დემოკრატიულ გარემოში, თითოეული მოქალაქე დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც დღეს, თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს.

გარდა ამისა, 21 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს პარტიის ორი მხარდამჭერი დანით დაჭრეს. საპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე დმანისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავა. მანამდე, თავდასხმა მოხდა რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის მხარდამჭერზე. ივანე გველესიანს გვიან ღამით სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დავით კირკიტაძე მომხდარში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დმანისსა და რუსთავში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმები დაგმო. საელჩოს განცხადებით, მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]