„იმედია არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ვერც ამ პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია. ასევე, სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად. დედას ბუშტი გვიბრუნდება“, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დაკავებული იქნება და ეს მან კარგად იცის.
„მისი ამგვარი მოქმედებები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს მომხრეებს და დესტრუქციული ოპოზიციის მოწინააღმდეგეებს, რომ მნიშვნელოვანია 2 ოქტომბერს მობილიზება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
2 ოქტომბერს, შაბათს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. გუშინ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის კიევიდან შაბათს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამოემგზავრება და თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე იქნება. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და დაიცვას მოპოვებული გამარჯვება. მისივე თქმით, არანაირი პირადი ამბიცია არ ამოძრავებს და არ აპირებს თანამდებობისთვის ბრძოლას.