weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნებისმიერი კონგრესმენი ჩამოვიდეს და გვითხრას, რომ სააკაშვილი ციხეში არ უნდა შევიდეს – პრემიერი

12:24 ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია და საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, მას აუცილებლად დააკავებენ. ღარიბაშვილის თქმით, კანონის უზენაესობა ყველას თანაბრად უნდა შეეხოს.

„შეიძლება მოსახლეობას აღარ ახსოვს. ახლა, გამოდიან და ხალხის შეცდომაში შეყვანის მიზნით იხსენებენ რაღაც ვითომ პიჯაკების საქმეს და ასე შემდეგ. უკაცრავად და სააკაშვილი მსჯავრდებულია უმძიმეს დანაშაულებებზე, როგორიც არის, მაგალითად, გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის მკვლელობის შეკვეთა - ეს პირდაპირ მკვლელობა იყო, კაცი სასწაულებრივად გადარჩა.

ამ მძიმე დანაშაულებებზე მე ძალიან გამიკვირდებოდა... ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში. ჩემი პასუხი იქნება მარტივი: ყველას, ვინც ასეთ დანაშაულებში არის მხილებული, ადგილი არის ციხე.

მით უმეტეს, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. მმართველი ისეთივე მოქალაქეა, როგორიც სხვა დანარჩენი და კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნება პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა.

2 ოქტომბერს, შაბათს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. 27 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის კიევიდან შაბათს გამოემგზავრება და თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე იქნება. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და დაიცვას მოპოვებული გამარჯვება.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წელს ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში. ასევე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის საქმეზე მისჯილი აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის დამნაშავედ არის ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]