„მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მედიების თანდასწრებით, აქვე, სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო პერსონალს ჩააბაროს ნებისმიერი სახის მასალა ნარკოტესტზე ნებისმიერ ნარკოტიკთან დაკავშირებით. ღარიბაშვილი იმაზეც საუბრობდა, რომ ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია. ეს საშუალებაც იქნება, საზოგადოებამ ნახოს როგორ „მძიმე მდგომარეობაშია“ მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან.
ამასთან, ადვოკატი ბექა ბასილაია ირაკლი ღარიბაშვილს სთავაზობს, ნარკოტესტი თვითონაც გაიკეთოს: „ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი“, მან კანცელარიაში მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს, მოვისმენთ“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გავრცელებულ წერილში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმედ არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე. გარდა ამისა, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლის შემდეგ დამძიმდა და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 2 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილი შიმშილობს.