weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თაკო ჩარკვიანი დიპლომატებს სააკაშვილის მონახულებას სთხოვს

16:56 ოთხშაბათი, 06 ოქტომბერი 2021

პარლამენტის წევრი თაკო ჩარკვიანი დიპლომატებს მიმართავს და სთხოვს მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულონ. როგორც ის ამბობს, აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ „ჩაფიქრებულია ყოფილი პრეზიდენტის მორალური და ფიზიკური განადგურება“.

თაკო ჩარკვიანმა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„ვფიქრობ, მე არ გამოვირჩევი ეთერში ინფორმაციის ტყუილ-უბრალოდ სროლით. უმძიმესი ინფორმაცია გვაქვს, სასწრაფოდ შევიკრიბეთ. მივმართავ ყველა აკრედიტირებულ ელჩს საქართველოში, დიპლომატიურ კორპუსს (ძალიან ვღელავთ), სენატორებს, რიშს, ევროპარლამენტარს, ბატონ კუბილიუსს, ამერიკის ელჩს, უნგრეთის ელჩს, ბრიტანეთის ელჩს, ბატონო რან, თქვენ მოგმართავთ, ისრაელის ელჩს, ნატოს მისიის ხელმღვანელობას ამიერკავკასიაში, უფლების დამცველებს უმძიმესი, გადამოწმებული ინფორმაციით:

რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებული იქნეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, ამ რამდენიმე დღეში აპირებენ ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას.

ეს ინფორმაცია დაზუსტებულია და ამიტომ გვინდა, დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად „საერთო-სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლის შემდეგ დამძიმდა. გარდა ამისა, ღარიბაშვილი სააკაშვილს ბრალს ნარკოდამოკიდებულებაში სდებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 2 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილი შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]