weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

კალაძის თქმით, „თბილისობა“ გაუქმდა და თანხით ბათუმში დაზარალებულებს დაეხმარებიან

15:54 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თბილისობა“ გაუქმდა, ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხა კი ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს მოხმარდებათ.

როგორც კალაძე ამბობს, ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა გააერთიანა და ის ყველას საერთო ტკივილია.

„თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით.

ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში“, – დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.

„თბილისობაზე“, რომელიც 24 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, 500 ათას ლარამდე უნდა დახარჯულიყო.

26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გუშინ, 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოიშალა ერთი სადარბაზო. მას შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში 9 ადამიანი იპოვეს, რომელთაგან 7 უკვე გარდაცვლილი იყო. 2 ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 35 წლის ქალი დღეს, დილით გარდაიცვალა, ხოლო 37 მამაკაცი რეანიმაციაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა.

8 დაღუპული ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრია: დედა, მისი ორი მცირეწლოვანი შვილი და მაზლი. გარდაცვლილთა შორის არის კიდევ ერთი ბავშვი და მისი დედა.

სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ადამიანს ეძებენ მაშველები. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დილით გაკეთებული განცხადების მიხედვით, ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი ადამიანია დარჩენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზაურ ბუდატოვი და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი – 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებული გ.ს. დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]