weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ენმ-მ ზუგდიდში აქცია გამართა და შემდეგი გამოსვლა 14 ოქტომბერს, თბილისში დააანონსა

22:29 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021
ფოტო: Livepress ფოტო: Livepress

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ზუგდიდში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიმართა.

„დღევანდელი, ძალიან უხერხულ დღეს, აქცია, რომელიც მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩავატარეთ, ერთ ძალიან ძლიერ გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს: ხალხო, ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ზუგდიდი (და არამხოლოდ ზუგდიდი) და არავის მოვაპარინებთ ამ არჩევანს. ძალიან მშვიდი ვარ, ვცდილობ ინტონაციაც შევარჩიო, რადგან ჯერ კიდევ ტრაგედია ტრიალებს საქართველოში, მაგრამ ვეცდები ძალიან რბილად ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და არც თქვენ დაგიმალოთ: ჩვენ ამ გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ; მინდა გავაფრთხილო, იმ 20-ვე ოლქში, სადაც არჩევნები ჩატარდება 30 ოქტომბერ და სადაც ჩვენი ხალხის თავგანწირვით, ერთგულებით, ბრძოლით და გაერთიანებით მოვიპოვებთ გამარჯვებას, იმას არავის არ გავატანთ“, – განაცხადა მელიამ.

მან 14 ოქტომბერს, თბილისში საპროტესტო აქციაც დააანონსა. მელიას თქმით, „საარჩევნო ბატალიებთან ერთად შეკრებები უნდა გაგრძელდეს“.

„უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ.

მთავარი მიზეზი შეკრების რა არის: ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის.

ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის, ბიძინა ივანიშვილო, ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს“, – თქვა ნიკა მელიამ.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში აქციის გამართვის შესახებ გუშინ განაცხადა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მოჰყვა. კომისიამ დააკმაყოფილა პარტია „ქართული ოცნების“ საჩივარი და მე-11 მაჟორიტარული ოლქის ოთხი უბნის ბათილი ბიულეტენები გადაითვალა, რის შედეგადაც „ქართულ ოცნებას“ – 12, „გახარია - საქართველოსთვის“ – 2, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი 1 ხმა დაემატა.

ამ მაჟორიტარულ ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს. კერძოდ, მანუჩარ ფიფიას 1182 ხმა ჰქონდა, სოსო გოგოხიას კი – 1180. გადათვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხებულად გამოცხადდა და მომავალ საკრებულოში ერთი მანდატი დაკარგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე საოლქო საარჩევნო კომისიას ბათილი ბიულეტენების კონვერტების წინასწარ გახსნასა და ბიულეტენების ჩასწორებაში ადანაშაულებდა. ის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით და გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შემდეგ მიიღო.

ცესკო აცხადებს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მუქარა და ზეწოლა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]