weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს – პრემიერი

15:14 ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„სრული პასუხისმგებლოთ გიზიარებთ ამ ინფორმაციას, რომ ეს ცირკი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება. ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე (იციან რა, რომ მეორე ტურებშიც ყველაგან დამარცხდებიან) რამენაირად ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს სააკაშვილი არის მძიმედ ავად.

შესაბამისმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის მდგომარეობას ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე აკვირდებიან ძალიან კვალიფიციური ექიმები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეს ერთი. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს.

ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ. შესაბამისმა სამსახურმა ამაზე ინფორმაციაც გაავრცელა. მან პირადად იყიდა, საკუთარი საკრედიტო ბარათით 7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კოლოგრამი თაფლი მიიღო. აქედან გამომდინარე შეეშვით ამ ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შიმშილობის გამოცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ წუხელ გაავრცელა. ექიმის თქმით, სააკაშვილი აღარც თაფლს იღებს.

„თვითონ ციხის ადმინისტრაციამ უთხრა, იქნებ თაფლიანი ჩაი დალიოო და ცოტა წვენიცო. პრინციპში, ეს არ იყო ცუდი შეთავაზება, იმიტომ, რომ შიმშილობის დროს ცოტა გლუკოზა ადამიანს ეხმარება. თუმცა, მერე, როდესაც უკვე ჰქონდა ტელევიზორი და რამდენიმე გადაცემას უყურა, სადაც ლაპარაკობდნენ, რომ სააკაშვილი კილოგრამობით თაფლს ჭამს და წვენებს სვამს, ვიტამინებს და ა.შ. ყველაფერი მოიშორა. ახლა, მინდა გითხრათ, რომ მის საკანში არცერთი კოვზი თაფლი არ არის. მხოლოდ წყალს იღებს“, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ და აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი თაფლს ან ვიტამინს არ მიიღებს, „ჩვენი პრეზიდენტი 30 ოქტომბრამდე კარგი ხნით ადრე, ცოცხალი არ იქნება“.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ გავცრელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და პატიმრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამაც თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ მხრივ მან განსაკუთრებული ცვლილებები ვერ შენიშნა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მეთერთმეტე დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]