weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლომჯარია პრემიერის განცხადებაზე: აქეზებს პატიმარს, გადავიდეს უფრო მძიმე შიმშილობაზე

11:58 ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, არასწორი და გაუმართლებელი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთეს.

ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გარკვეული ინფორმაცია საზოგადოებას უნდა მიეწოდოს, თუმცა არა იმ დეტალურობით, რაც პატიმრის უფლებას არღვევს.

„ეს არის ძალიან პერსონალური მონაცემი, პატიმრის თანხმობის გარეშე მსგავსი ფორმით გასაჯაროება არ შეიძლება. გარდა ამისა, ამ ტიპის საუბრებს აქვს მეორე უარყოფითი შედეგი: პირველ რიგში, აჩენს პატიმრის უნდობლობას სამედიცინო პერსონალის მიმართ და ჩვენ უკვე გვქონდა ამის გამოვლინება, როდესაც გარკვეული ტიპის გამოკვლევებზე მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ვიცით უარი თქვა, თუმცა, დღეს, წესით, უნდა ჩაეტარებინათ განმეორებითი გამოკვლევა და იმედია, ეს განხორციელდა.

მსგავსი ტიპის განცხადებები აქეზებს მოშიმშილე პატიმარს, რომ გადავიდეს შიმშილობის უფრო მძიმე ფორმებზე, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც მოხდა.

არავის და პირველ რიგში, პენიტენციური სამსახურის, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ის, რომ მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამიძიმდეს და იმის მიღებაზეც უარი თქვას, რა პროდუქტსაც იღებდა“, – განაცხადა ლომჯარიამ გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“.

სახალხო დამცველის თქმით, შიმშილობა პატიმრის გადაწყვეტილებაა, მაგრამ პენიტენციურმა სამსახურმა თუ პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ არ უბიძგონ ადამიანს, მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილებები.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა უნდა გადაეცეს ექსპერტებით დაკომპლექტებულ მულტიდისციპლინურ ჯგუფს/კომისიას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ისევ და ისევ პატიმარი იღებს გადაწყვეტილებას, ვთქვათ, აქვს მას სურვილი გაეწიოს სამედიცინო დახმარება თუ არა, თუმცა სულ მცირე ობიექტური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში, დააპატიმრეს. მას შემდეგ, ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 10 ოქტომბერს, სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურა უარყო და მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების – წნევის, სატურაციის და გლუკოზის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მომდევნო დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხეში იყიდა „7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კოლოგრამი თაფლი მიიღო“.

„როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]