დღეს, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ღარიბაშვილს ჰკითხეს, როდესაც სიმშვიდეზე საუბრობს, საჭიროა თუ არა, პოლიტიკურ სპექტრში შერიგება.
„თქვენ როგორ მიგაჩნიათ? იკითხეთ პატიმარი სააკაშვილი, რომელიც ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის, მკვლელობების განხორციელებაც, თუ, რა თქმა უნდა, ისე განვითარედებოდა, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას.
რაც შეეხება, ზოგადად, მოწოდებებს ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ყველას, ჩვენი სურვილიც არის, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებებზე და მართლაც გაიაზრონ პასუხისმგებობა ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. თუ ეს მოხდება, მხოლოდ გამიხარდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
დღეს და გუშინ, სინოდის წევრების ნაწილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. მათ შორის, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა და ეპისკოპოსმა მიქაელ გაბრიჭიძემ თქვეს, რომ საჭიროა მიტევება და შერიგება.
„ის იყო ქვეყნის პირველი პირი, ის იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში და ქვეყანას კიდევ ეყოლება პირველი პირები. ამ ხელისუფლების ყოფილი პირველი პირებიც გვყავს და ამიტომ ვამბობ, რომ შემწყნარებლობის, შერიგების, თანამშრომლების მაგალითი პირველმა პირებმა უნდა მოგვცენ რიგით მოქალაქეებს. ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა გუშინ, საპატიმროში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.