weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სანამ ევროსასამართლო საქმეს განიხილავს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს – 5 ევროპარლამენტარი

10:53 ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი 2021
ფოტოზე - ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ფოტოზე - ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ხუთმა ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა. ანდრიუს კუბილიუსის, რასა იუკნევიჩიენეს, რიჰო ტერასის, მირიამ ლექსმანის და სანდრა კალნიტეს წერილში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს მანამ, ვიდრე მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილება.

ევროპარლამენტარების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველომ, ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყანამ, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა დაეცვა ევროპული ღირებულებები და პრინციპები, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ქართველი ხალხი, რომელიც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია და საქართველოს ევროპელი პარტნიორები მოელიან მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან ამ პრინციპებისა და სტანდარტების სრულად დანერგვასა და მიყოლას.

ახალგაზრდა ევროპულ დემოკრატიებში, რომლებიც ჯერ კიდევ ებრძვიან პოსტოტალიტარულ პოსტსაბჭოურ ჩვევებს, მაგალითად უკრაინაში იანუკოვიჩის პერიოდი, აჩვენებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის დაკავება მსგავს ევროპულ ქვეყანაში დაუყოვნებლივ უგზავნის გამაფრთხილებელ სიგნალს მსოფლიოს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შესაძლოა უარესდებოდეს.

ის ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, აჩენს კითხვებს დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეების უკან პოლიტიკური მოტივების არსებობას და აბსოლუტურად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სისტემისთვის და ძირს უთხრის ხალხის არჩევანს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით.

საქართველოს ევროპული მომავალი სასწორზეა. მთავრობასა და მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ სიტუაციასა და მის მოგვარებაზე მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია.

ისინი დგანან არჩევანის წინაშე - გააგრძელოს უარყოფითი შედეგების გაუარესება, პოლარიზაციისა და უნდობლობის გაღვივება სანამ სააკაშვილი ციხეში რჩება, ან დააბრუნონ თავიანთი ყურადღება ძალისხმევაზე კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სტანდარტების დაცვისთვის, რომლებიც გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისათვის.

მიხეილ სააკაშვილის საქმე წარდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს არის გზა, რომ ევროპული სამართალი შემოვიდეს საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში და ევროკავშირი ახლოდან დააკვირდება მის განხილვებსა და დასკვნების საპასუხო ქმედებებს. სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ საქმეს განიხილავს, ბატონი სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს“.

ევროპარლამენტარების მოწოდებებისადმი საკუთარი პოზიცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 19 ოქტომბერს დააფიქსირა. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, რადგან საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სიტყვა.

„სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც დადგენილია პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ. შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და ის დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]