weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კონსილიუმის დასკვნაში საუბარი არაა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე – ბრეგაძე

13:03 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

„გუშინ ვიმყოფებოდით პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუკი გახდება საჭირო პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, ის გადაყვანილი იქნება ამ დაწესებულებაში“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილი ექიმების კონსილიუმის დასკვნაში საუბარი არ არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

„ბოლო დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის. საუბარია შემდეგზე – თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია, ამ შეთხვევაში, უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, ხაზგასმით ვამბობ, რაშიც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის ზოგიერთი ოპონენტი, არ ყოფილა.

მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას. ექიმებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაზე, მათ შორის, სამოქალაქოზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

სახალხო დამცველის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ, ადგილზე ვერ შესრულდება და საჭირო იქნება, პერიოდულად პაციენტის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. სახალხო დამცველის ცნობით, ციხის საავადმყოფოში ვერ ჩატარდება, მაგალითად, მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და დუპლექს-სკანირება.

სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ დაწესებულებაში არ მუშაობდა ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, შესაბამის სპეციალისტებს უახლოეს პერიოდში ელოდებოდნენ. იუსტიციის მინისტრმა დღეს თქვა, რომ ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე ადგილზეა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

სახალხო დამცველი ციხის საავადმყოფოში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებისა და ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]