weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანაზე „ნებისმიერ შემთხვევაში“ უარს აცხადებს

19:08 სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის გაუარების შემთხვევაში, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია. წერილი, სადაც ექსპრეზიდენტი ამაზე წერს, მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი სრულად იზიარებს იმ საფრთხეებს, რაც გლდანის ციხეში გადაყვანას ახლავს თან. 

„ეს ინფორმაცია არის უტყუარი. გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის არა იმდენად ჯანმრთელობას ემუქრება საშიშროება, რამდენადაც მის უსაფრთხოებას.

ამიტომ ჩვენ არ დავუშვებთ მის გადაყვანას და რაღაც იმიტირებული ბუნტებისთვის და ე.წ. სირცხვილის კორიდორებისთვის მიხეილ სააკაშვილის გამეტებას. ეს არის გამორიცხული. იგი ან იქნება აქ, ან იქნება სამოქალაქო კლინიკაში. წერტილი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატივისცემას და ნდობას გამოხატავს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი ექიმების კონსილიუმის მიმართ, თუმცა ადვოკატებთან ერთად განიხილავს ალტერნატიული, „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“ კონსილიუმის შექმნას.

„მივმართავ ცენტრ „ემპათიას“ და ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს, იმას, ვისაც ვენდობით ჩვენც და ენდობა საზოგადოებაც, თხოვნით, რომ გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით. თუ სურთ მონაწილეობის მიღება იმ ექიმებს, ვინც ამ კონსილიუმშია, დიდი სიამოვნებით მივესალმებით მათ ყოფნასაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონსილიუმის ჯგუფში.

ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ამ ადამიანებს უკვე წინასწარ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული და შესაბამისად, გაუგებარია, რას ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როდესაც არცერთი ექიმის რეკომენდაციას პენიტენციური სამსახური არ ითვალისწინებს“, – განაცხადა გვარამიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 26-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, პატიმარს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, რომელიც, როგორც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ირწმუნება, მზად არის პაციენტის მისაღებად. ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც ექიმთა ჯგუფმა განისაზღვრა, ვერ მოხდება და საჭირო იქნება, პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]