weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

შოუს დადგმის საშუალებას არავის მივცემთ – კობახიძე უკრაინის მოქალაქეების არშემოშვებაზე

12:38 ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვაზე, რატომ არ შემოუშვეს გუშინ უკრაინის მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტი, საქართველოს ტერიტორიაზე, უპასუხა, რომ შოუს დადგმის საშუალებას არავის მისცემენ.

დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძეს ასევე ჰკითხეს, ჰქნის თუ არა ეს ფაქტი უხერხულობას საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში, რაზეც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ ერთადერთი, რაც ორი მეგობრული სახელმწიფოს ურთიერთობაში უხერხულობას ქმნიდა, სააკაშვილის ფაქტორი იყო.

„მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ისე უკრაინამ. პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ აქედან შოუ მოაწყონ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი ყველანაირი დღის წესრიგიდან გაქრება 30 ოქტომბრის შემდეგ და აქედან გამომდინარე, გაქრება ყველანაირი უხერხულობა, რაც დღემდე არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის.

რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შეშვება-არშეშვებას კონკრეტულ სახელმწიფოში, ამ შემთხვევაში საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი და იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ, შეიძლება მოხდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. ერთი არის მთავარი, რომ შოუს დადგმის საშუალებას, ბუნებრივია, არავის არ მივცემთ. რატომ არ შემოუშვა კონკრეტულმა უწყებამ კონკრეტული პირი საქართველოში ამაზე განმარტებას მე ვერ გავაკეთებ. ჰკითხეთ და განმარტავენ“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინწინ საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი, გუშინ კი ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს, მის მეუღლეს, ასევე უკრაინაში სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს. დიმიტრი გორდონის თქმით, თბილისში 27, 28 და 29 ოქტომბერს „დიმიტრი გორდონის აკადემიის“ მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოდიოდა, გარდა ამისა, აპირებდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ციხეში ინტერვიუს ჩაწერას, რაზეც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წინასწარ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებას. გორდონის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისთვის არ განუმარტავთ, რატომ არ შემუშვეს ის და მისი დელეგაციის წევრები ქვეყანაში. ამ საკითხზე კომენტარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც არ აკეთებენ.

გარდა ამისა, უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გუშინ ციხეში მოინახულა, განცაცხადა, რომ 26 ოქტომბერს საზღვარზე 40 წუთი გააჩერეს და ეკითხებოდნენ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში. სახალხო დამცველის თქმით, ის მხოლოდ „ზარებისა და მუქარების“ შემდეგ გამოუშვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]