weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიანეთის მერის არჩევნების მეორე ტურში ენმ მხარს თამაზ მეჭიაურს დაუჭერს

16:47 ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს ოპოზიციონერ კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს დაუჭერს. როგორც მეჭიაური ამბობს, კონსულტაციები პოეტ ტარიელ ხარხელაურის მედიატორობით დასრულებულია.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის ყოფილი კანდიდატის მხარდამჭერთა ხმები მეორე ტურში შესაძლოა გადამწვეტი აღმოჩნდეს.

„ჩვენი შეთანხმება მივიდა იმ კონდიციამდე, რომ ჩვენს ინტერესებს გადავწევთ მეორე პლანზე მუნიციპალიტეტის და ჩვენი ხალხის ინტერესების შემდეგ. ილია არჩემაშვილს ვთავაზობ, მოადგილის თანამდებობა უნდა თვითონ დაიკავოს, უნდა - რომელიმე მისი თანაგუნდელი მოვიდეს. ვფიქრობ, ეს მეორეხარისხოვანია და ამას არჩევნების შემდეგ გადავწყვეტთ. ჩვენ სხვა პარტიებთანაც გვაქვს კონსულტაციები და იქაც ანალოგიური მიდგომა გვაქვს. იქ მოადგილეობაზე საუბარი არ არის, მაგრამ საუბარია მათ სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებაზე“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა და აღნიშნა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, მერიაში უკვე დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა არ დაიწყება.

ილია არჩემაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართვველობა უნდა დასრულდეს, რომ ქვეყანამ ჭაობიდან ამოსვლა და განვითარება შეძლოს. არჩემაშვილის განცხადებით, მისი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის მიღება.

„დღეს, როცა ყველა დიდ ქალაქში მეორე ტურის მოლოდინია და ოპოზიციის კანდიდატებს ერთიანი კოალიციური შეთანხმების შედეგად გარდამტეხი გამარჯვების რეალური შანსი აქვთ, კარგი პრეცენდეტია თიანეთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის ინიციატივა. ჩემს გუნდთან ერთად განვიხილეთ შემოთავაზებული წინადადება თიანეთში კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების შესახებ და ვთანხმდებით მივიღოთ მონაწილეობა რაიონის ერთობლივ მართვაში.

თიანეთის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი და ჩვენი ამომრჩეველი მხარს ვუჭერთ მეორე ტურში თამაზ მეჭიაურის და ჩვენი ოპოზიციური კოალიციის გამარჯვებას“, – ამბობს ილია არჩემაშვილი.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლევან წიკლაურმა ამომრჩეველთა ხმების 43.2% (2726 ხმა) მიიღო, პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, თამაზ მეჭიაურმა 30% (1899 ხმა), ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ილია არჩემაშვილმა – 18% (1141 ხმა).

რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თამაზ მეჭიაურს მოუწოდა, წყალი არ დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე და გზა „ქართული ოცნების“ „ახალგაზრდა“ კანდიდატისთვის დაეთმო. მანამდე ღარიბაშვილმა თქვა, რომ მუნიციპალიტეტის მერად ოპოზიციონერი კანდიდატი რომც გავიდეს, მას პერსპექტივა არ ექნება და ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან ცენტრალური მთავრობა „ქართული ოცნებისაა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]