weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩემი სიცოცხლე მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე – სააკაშვილის ახალი წერილი

12:31 პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს, აღარ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და ანალიზებს აღარ ჩააბარებს. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლის გაგრძელება არჩევნების მეორე ტურზეა დამოკიდებული და მისი ბედი ამომრჩევლების ხელშია.

უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ წაიკითხა:

„როგორც იცით, აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან ერთადერთი მიზნით - არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს.

მე ჩამოვედი საქართველოში, რადგან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიტარიზმისა და ქართველებისგან დაცლისკენ. თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემობრუნებისკენ. პირველ ტურში ოპოზიციამ მართლაც მიაღწია სერიოზულ წარმატებას და ყველა დიდ ქალაქში მიაღწია მეორე ტურს, ხოლო რამდენიმეში - პირველ ადგილზეც გავიდა. შემდეგ ჩვენ გავხდით ძალიან პოზიტიური პროცესის მოწმე სრულიად სხვადასხვა ოპოზიციური ძალების გაერთიანებისა.

ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის ჩვენი მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს გამარჯვებაზე.

დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითიოეული თქვენთაგანის იმედი და ესე იგი, გამარჯვებული ხვალის იმედი. გთხოვთ დღეს, დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნათესავს, ახლობელს, ვინც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას და გაიყოლოთ თან. ყოველი ადამიანის მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გთხოვოთ, ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნო უბნებთან, რათა ერთად დავიცვათ ხმები.

ივანიშვილს უნდა, საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს. ახლა თქვენს ხელშია საქართველოს ბედი და ჩემი ბედიც. მე ღრმად მწამს გამარჯვების და გამარჯვებასთან ერთად საზოგადოების შერიგების და გამთლიანების, ჭრილობების მოშუშების და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების ერთობლივი წინსვლის და წარმატების. ღემრთი იყოს ჩვენი მფარველი“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სააკაშვილი თავს პუტინის პატიმარს უწოდებს, არ ეთანხმება მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებს და პროტესტის ნიშნად 29-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი საჭიროების შემთხვევაში მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანონ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთი დაწესებულებაა გლდანის ციხის საავადმყოფო.

„მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

სააკაშვილი და მისი ადვოკატები კატეგორიულ უარს აცხადებენ ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციაზე.

სახალხო დამცველიც აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც კონსილიუმმა განისაზღვრა, ვერ მოხდება და საჭირო იქნება, პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]