weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„გასაყიდი უნდა გაიყიდოს“ – გახარიას პარტია საკრებულოს წევრის პარტიიდან წასვლაზე

13:29 პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021
tv25.ge-ის ფოტო tv25.ge-ის ფოტო

„გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა აკაკი გვიანიძემ, რითიც ბათუმის საკრებულოს არჩეული წევრის, ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.

აკაკი გვიანიძის ინფორმაციით, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია არ აპირებს კოალიციის შექმნას არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ეს გამორიცხულია, რადგან ორივე პარტია ერთმანეთს დაემსგავსა, ორივე ცდილობს სწორედ იმ მეთოდებით შეინარჩუნოს და მოიპოვოს უმრავლესობა და ძალაუფლება, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. მათი მიზანი არის ერთპიროვნული ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ჩვენ კი ჩვენმა ამომრჩევლებმა დაგვავალეს, რომ ეს არ დავუშვათ.

ჩვენ ვრჩებით ჩვენი იდეალების ერთგული და აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს ბათუმის მუნიციპალიტეტში უმრავლესობის მოპოვება“, – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.

ირაკლი თავდგირიძემ დღეს განაცხადა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. თავდგირიძის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ლელოსთან“ ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მით უმეტეს, მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ 16 მანდატი მიიღო, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ ასევე 16 მანდატი აქვთ, გიორგი გახარიას პარტიას კი 3 მანდატი ჰქონდა მოპოვებული. ირაკლი თავდგირიძე პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციულ სიაში მესამე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]