მიხეილ სააკაშვილი სხვა პარლამენტარებსაც ურჩევს, მამუკა ხაზარაძეს მიბაძონ.
„უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებზე და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.
ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, ყველა ჩემი თანამებრძოლის და ასევე, უბრალოდ ქვეყნის პატრიოტებისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ დატოვონ საკუთარ თავთან მარტო“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ერთი სული აქვს, ოპოზიციას შეუერთდეს, თუმცა ამაში მათი დახმარება სჭირდება: „ვერცერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას“, – ამბობს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სააკაშვილი თავს პუტინის პატიმარს უწოდებს, არ ეთანხმება მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებს და პროტესტის ნიშნად 32-ე დღეა შიმშილობს.