weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

კადრების გამოქვეყნებით ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ – სააკაშვილი

12:02 კვირა, 07 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ ფოტო და ვიდეომასალას, რომლითაც უწყება ცდილობს დაამტკიცოს, რომ პატიმარი არ შიმშილობს და „საკვებს იღებს“.

მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში და არა სამედიცინო დახმარების ოთახში, სადაც მის მიერ „საკვების მიღება“ გადაიღეს. სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კადრების გამოქვეყნებით პენიტენციურმა სამსახურმა დანაშაული ჩაიდინა და შეურაცხყოფა მიაყენა ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელიც მას ეუბნება, რომ „შიმშილობის ნორმები“ არ დაურღვევია.

„რა კადრები გამოაქვეყნა დღეს ივანიშვილმა? - ზუსტად ის, რაც დაწერა სახალხო დამცველმა და არაერთხელ ვთქვი მეც, რომ მედპუნქტში ექიმებისგან ვიღებდი კონსილიუმის გამოწერილ მინერალურ და მიკროელემენტურ დანამატებს, რაც წონის კლების პირობებში, აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების, პულსის, გულისცემის და მინიმალური გლუკოზის მისაღებად.

სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას უტარებენ პაციენტებს. სამედიცინო კაბინეტში ოფიციალურად აყენია ვიდეოკამერები, ოღონდ არა გამოქვეყნების, არამედ უსაფრთხოების მიზნით. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს. 

ამას გარდა, ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ და ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ.

კვლავ ვიმეორებ, საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში და მეტი არსად, ხოლო სამედიცინო ოთახში შეგიძლია მიიღო მხოლოდ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები, სხვადასხვა ფორმით - ტაბლეტის, გადასხმის თუ სითხის სახით. სწორედ ამგვარი განმარტება მივიღე ყველა გამოქვეყნებულ შემთხვევაში, რომ ვიღებ წამლებს.

კადრების სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივი გამოქვეყნებით, მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს. უფრო, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ და, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები.

ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში.

ყველაფერი ზემოთაღნიშნულის ფონზე, შაბათ დილიდან უკვე არ ვიღებ აღარანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა მქონდა მიცემული კონსილიუმისთვის. ახლა ჩემი მდგომარეობა ისედაც ყოველდღე უარესდებოდა და ალბათ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება მოვლენები.

მიუხედავად ამისა, ამოუწურავია ჩემი რწმენა, რწმენა გამარჯვების და თავისუფლების. განსაკუთრებით, ციხესთან დღევანდელი უპრეცედენტო სოლიდარობის აქციის შემდეგ, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ იქ მყოფს.

და მთავარი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა, ოლიგარქის მიერ მიტაცებული ხელისუფლების დაბრუნებაა მისი ჭეშმარიტი და ერთადერთი მფლობელის, ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ შორის, ჩემმა საკითხმაც არ უნდა შეგვიცვალოს მთავარი ფოკუსი - მოპარული არჩევნების დაბრუნება და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლის. სამსახური აღნიშნავს, არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, პატიმარს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა გამოაცხადა. პატიმრის ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და საჭიროა მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]