weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლების მოედანზე დღეს აქციას გამართავს

10:31 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადასაყვანად ხელისუფლებისთვის მიცემული 24-საათანი ვადა ამოიწურა.

როგორც მელიამ განაცხადა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენაზე გადის ისტორიული არჩევანის ხაზი.

„ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა და ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა, აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება. მინდა განვაცხადო და პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, რომ ეს არ მოხდება.

ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას. ქვეყნის ღირსება ვერ იქნება დაცული თუ ჩვენ, ახლა, უკვე მეორეჯერ საქართველოს კიდევ ერთ პრეზიდენტს მოვუკლავთ. დღეს, სწორედ სააკაშვილის ტყვეობა არის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე - დასავლეთი თუ რუსეთი.

დასავლური საქართველო ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას, რუსული საქართველო კი ბედნიერია მისი ტყვეობით და მის სიკვდილს ელოდება. სწორედ ამიტომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენაზე გადის დღეს ჩვენი ისტორიული არჩევანის ხაზი - ვირჩევთ დასავლეთს, თუ ვირჩევთ რუსეთს.

შევძლებთ თუ არა ჩვენს შთამომავლებს ჩვენს შვილებს გამართულად და სირცხვილის გარეშე ჩავხედოთ თვალებში, თუ ჩვენი თანამონაწილეობით დაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავ-თეთრი ფურცელი, რასაც არ დავუშვებთ. სააკაშვილის გადარჩენა არის სიმბოლო ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს ნათელი მომავლის გამარჯვების“, – განაცხადა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, ეს არის საყოველთაო, არა ერთპარტიული ბრძოლა მოპარული არჩევნების და მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად.

„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს 30 წლის თავზე აღარ გვისმენდნენ, აღარ გვატერორებდნენ, ხმის მიცემას აღარ გვაიძულებდნენ, გაღარიბებულ ადამიანებს 2 თეთრად 2 გროშად არ გვქრთამავდნენ, ოლიგარქიის წარმომადგენლები, ჟურნალისტებს არ კლავდნენ ველურები შუაგულ თბილისში, ევროკავშირის დროშას არ წვავდნენ ასევე რუსთაველის გამზირზე.

ჩვენ ვიბრძვით თუნდაც იმისთვის, რომ 4 შვილის დედას - ელენე ხოშტარიას, არ უწევდეს შიმშილობა იმისთვის რომ გადაგიჟებულ ხელისუფალს აუხსნას, რომ მკურნალობის უფლება ყველას აქვს ამ ქვეყანაში.

ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ, 8 ნოემბერს, 8 საათზე, ყველანი თავისუფლების მოედანზე. თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს და შიმშილობს. მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და რამდენიმე საათში შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. როგორც ყიფშიძემ თქვა, პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ პატიმარმა უარი თქვა იმ მინერალებისა და წამლების მიღებაზე, რომლებიც მის „ასე თუ ისე ნორმალურ ყოფნას“ უზრუნველყოფდა. ექიმის შეფასებით, ეს ტრაგედიაა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი საჭიროების შემთხვევაში მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანოს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, მრავალპროფილური კლინიკა ავტომატურად არ გულისხმობს სამოქალაქო კლინიკას. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში პატიმარს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგეებიან სააკაშვილი და მისი ადვოკატები.

სახალხო დამცველიც აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც კონსილიუმმა განისაზღვრა, ვერ მოხდება და საჭირო იქნება, პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]