„1998 წელს, მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ჩემი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოში სიკვდილით დასჯის სამუდამოდ გაუქმების თაობაზე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ, საქართველოში სიკვდილით დასჯას აღადგენდნენ, და, ბედის ირონიით, აღადგენდნენ ჩემთვის. არა უშავს, ყველაფერი ხდება, მაგრამ ბოროტი ვერასდროს ვერ ძლევს კეთილს.
აქვე, მინდა მივმართო ყველას. მეგობრებო, მე საპყრობილეში ჩავჯექი და ვშიმშილობ არა იმის გამო, რომ ეს იყოს მთავარი თემა. მე არ გავმხდარვარ ივანიშვილი მძევალი იმისთვის, რომ მთავარი თემა ჩემი უკან გამოხსნა ყოფილიყო. ცხადია, ამაში არც ლოგიკაა და არც რაციონალურობა.
მე დავბრუნდი, ნებაყოფლობით მძევლობაში ჩავბარდი და ახლა სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ ჩემი მაგალითით წვლილი შევიტანო ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაში, მისი ევროპული გზის შენარჩუნებაში და რუსული ოლიგარქატის კლანჭებიდან გამოხსნაში.
ამიტომაც, სრულიად მიუღებელია და ყველას ვთხოვ, ნუ აქცევს ჩემი ჯანმრთელობის თემას დღის წესრიგის მთავარ საკითხად, ნუ გადააფარინებს სააკაშვილის შიმშილობის თემას მთავარ ჩვენს მიზანს: მოპარული არჩევნების და ხელისუფლების ქართველი ხალხისთვის დაბრუნების თემას. ჩემი შიმშილობა არის ამის მიღწევის საშუალება, და არ შეიძლება საშუალება უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე მიზანი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებელისთვის, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მეუფე ნიკოლოზს მადლობას უხდის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ზიარებისთვის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს და შიმშილობს. მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გუშინ, საღამოს განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და რამდენიმე საათში შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. როგორც ყიფშიძემ თქვა, პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ პატიმარმა უარი თქვა იმ მინერალებისა და წამლების მიღებაზე, რომლებიც მის „ასე თუ ისე ნორმალურ ყოფნას“ უზრუნველყოფდა. ექიმის შეფასებით, ეს ტრაგედიაა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი საჭიროების შემთხვევაში მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანოს.
როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, მრავალპროფილური კლინიკა ავტომატურად არ გულისხმობს სამოქალაქო კლინიკას. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში პატიმარს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგეებიან სააკაშვილი და მისი ადვოკატები.
სახალხო დამცველიც აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც კონსილიუმმა განისაზღვრა, ვერ მოხდება და საჭირო იქნება, პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.