weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოსთან, სადაც სააკაშვილი იქნება – ენმ

22:12 ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ სამედიცინო დაწესებულებასთან, სადაც ხელისუფლება მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანს.

პარტია აღნიშნავს, რომ პირველი ნოემბრიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ საავადმყოფოში იძულებით გადაიყვანეს.

„გადაყვანა განხორციელდა სახალხო დამცველის, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექიმების არაერთგზის მოწოდების საწინააღმდეგოდ, რომელიც ეხებოდა ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა და სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა იქნებოდა შესაძლებელი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო გადაყვანა განხორციელდა მისი ნების საწინააღმდეგოდ. საქართველოს სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის ფორმა არ არსებობს. უფრო მეტიც, პატიმრების მხრიდან სააკაშვილისა და მისი ვიზიტორების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები მიზნად ისახავს მასზე დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ომბუდსმენის განცხადებით, გარემო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, არის ღირსების შემლახველი.

ღირსების შელახვის, ციხის ადმინისტრაციისა და საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისადმი უნდობლობის მიზეზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი თქვა ამ დაწესებულებაში ყოველგვარ მკურნალობაზე. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის გარეშე პრეზიდენტის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა შეუძლებელია და მოითხოვა „დაუყოვნებლივ გადაყვანა ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში“, სადაც მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ იქნება დაცული. იდენტური პოზიცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.

მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს, საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია.

ჩვენი უმთავრესი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ადამიანური ღირსების დაცვა, რომელიც გარდაუვალი საფრთხის წინაშეა არსებულ ვითარებაში“, – წერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამ თემაზე:

საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სააკაშვილის საჭიროებების დაკმაყოფილება – პრაისი

სააკაშვილმა მკურნალობა სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში მიიღოს – დეგნანი მთავრობას

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]