weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სააკაშვილის საჭიროებების დაკმაყოფილება – პრაისი

10:19 ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021

აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაუდებელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება, ასევე მოექცეს მას სამართლიანად და ღირსეულად.

ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე, „ამერიკის ხმის“ კითხვის პასუხად გააკეთა.

„ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას, აქამდე - ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაკავებას და ახლა - მისდამი მოპყრობას, მათ შორის, საქართველოს ომბუდსმენის განცხადებას, რომელიც აჩენს კითხვებს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ამ განცხადების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მთავრობის პასუხისმგებლობაა პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის - ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კერძო ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად“, – განაცხადა პრაისმა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს, ოპოზიციის აქციის დაწყებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე გადაიყვანეს. პირველი ოქტომბრიდან ის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან იმ დროს გაიყვანეს, როდესაც დედას, გიული ალასანიას და შვილებს უნდა შეხვედროდა. იმის გამო, რომ ციხის ტერიტორიაზე ვერტმფრენი გამოჩნდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ პატიმრის გადაყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გაარკვია, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით განხორციელდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს. ამასთან, უწყებამ გაავრცელა სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის საკნის დატოვების კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, „ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“. ექსპრეზიდენტმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას განმარტა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.

მოგვიანებით, ციხის საავადმყოფოდან გავრცელებულ წერილში მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მოატყუეს. მისივე თქმით, მე-18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ, კრიმინალების გინების ქვეშ გადმოიყვანეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში. როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, მას ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა, უთხრა: „აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში“. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამავე პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

მთავრობა უარს აცხადებს მოშიმშილე სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე.

 

ამ თემაზე:

გარემო, სადაც სააკაშვილი მოათავსეს, უხეშად არღვევს ღირსების უფლებას – სახალხო დამცველი

სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა მიწაზე თრევით მიიყვანა და იძულებით მოათავსა პალატაში – ადვოკატი

სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება – კობახიძე

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]