weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

კადრებში ჩანს ძალადობა დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ – მელია

17:06 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021

„ეს არის შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტია, ივანიშვილი მასზე ძალადობს და შურისძიებას ახორციელებს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით გადაყვანის ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.

მელიას თქით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ამ კადრების გასაჯაროება მოუწია.

„პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები არის იძულებითი ნაბიჯი მათ მიერ გადადგმული. მათ იცოდნენ, რომ სხვადასხვა გზით, ადრე თუ გვიან, ეს კადრები გავრცელდებოდა. ისიც იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მოუწევდათ ამ ვიდეოკადრების მიწოდება, დასტურად იმისა, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში, იმიტომ, რომ მისი ადვოკატები პირველივე წუთიდან ამაზე საუბრობდნენ. ურთულესი დილემის წინაშე მდგომმა „ქართული ოცნების“ რეჟიმა მიიღო გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მტკივნეული, რომ თავად გაევრცელებინა ეს კადრები.

კადრებში ჩანს ძალადობა დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მოტყუებით გადაიყვანეს იქ, სადაც მისი გადაყვანა არ შეიძლებოდა.

კითხვა ხომ უნდა დაისვას – როგორც თავად ამბობენ, თავისი ნებით თუ მიყვებოდა რუსთავის ციხიდან, პირად ნივთებს ალაგებდა და მშვიდად, წინააღმდეგობის გარეშე გამოდიოდა, რა მოხდა როცა „ბ“ პუნქტში გადაიყვანეს? პასუხი სჭირდებოდა საზოგადოებას და ვიხილეთ რეჟიმის მიერ გავრცელებული კადრებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში (N18 სამკურნალო დაწესებულება) შეყვანის ამსახველი ვიდეომასალა. კადრებით დასტურდება, რომ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც ციხის გვერდით მდებარეობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს. ამასთან, უწყებამ გაავრცელა სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის საკნის დატოვების კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, „ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“. იმავე დღეს, ექსპრეზიდენტმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას განმარტა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.

როგორც სააკაშვილი აცხადებდა, რუსთავის ციხიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]