weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპანტის გულის მოგება, მათთან დაუფარავი კავშირის აღიარებაა – ხაზარაძე კადრებზე

17:21 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის იძულებით, ძალის გამოყენებით გადაყვანის ვიდეოკადრებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავს.

„მხოლოდ სირცხვილი არ არის ის გრძნობა, რომელიც გეუფლება ასეთი კადრების ნახვის დროს, კადრების, როდესაც ათრევენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის. 

ეს არის მტრის, ოკუპანტის გულის მოგება, მათთან დაუფარავი კავშირის აღიარება, იმის ღია მტკიცებულება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება დავალებას გულმოდგინედ ასრულებს, რომელიც ჩვენს თვალწინ ათრევს და ფეხქვეშ თელავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას. ყველაფერს იმას, რაც ასე ძვირფასია ჩვენი მოქალაქისთვის და სახელმწიფოსთვის“, – წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.

დღეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში (N18 სამკურნალო დაწესებულება) შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც ციხის გვერდით მდებარეობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს. ამასთან, უწყებამ გაავრცელა სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის საკნის დატოვების კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, „ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“. იმავე დღეს, ექსპრეზიდენტმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას განმარტა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.

როგორც სააკაშვილი აცხადებდა, რუსთავის ციხიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]