„რაც დღეს ვნახეთ, ზუსტი მტკიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, თუმცა ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით - „არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა“. ვაჟას უკვდავი სიტყვები მარტო ჩემს თავში კი არ გაცოცხლდა, ყველა ქართველში გაცოცხლდა, მათ შორის თქვენს მომხრეებშიც, „ქართულ ოცნებას“ მივმართავ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
დღეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში (N18 სამკურნალო დაწესებულება) შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც ციხის გვერდით მდებარეობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს. ამასთან, უწყებამ გაავრცელა სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის საკნის დატოვების კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, „ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“. იმავე დღეს, ექსპრეზიდენტმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას განმარტა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.
როგორც სააკაშვილი აცხადებდა, რუსთავის ციხიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.