weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რატომ უნდა გადავიყვანოთ კერძო კლინიკაში? შეუძლია ვინმეს, ამიხსნას? – მინისტრი სააკაშვილზე

10:32 პარასკევი, 12 ნოემბერი 2021

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო მოხარული იქნება, თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, „ოღონდ ყოველგვარი დათქმების გარეშე“.

„ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ის დათანხმდება, ოღონდ ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია, ვინმეს, ამიხსნას?“, – განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თქვა, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.

„თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია. ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის გადაყვანილი იქნება უკან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მზად არის გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და „გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი“. ის ასევე უარს აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.

10 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ, მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აცნობოს მას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და შესაბამისი მოვლა შიმშილობის შემდგომ გამოჯანსაღების პერიოდში.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (N18 სამკურნალო დაწესებულება) რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს. ამასთან, უწყებამ გაავრცელა სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის საკნის დატოვების კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, „ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“. იმავე დღეს, ექსპრეზიდენტმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას განმარტა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.

როგორც სააკაშვილი აცხადებდა, რუსთავის ციხიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]