weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია – სუბარი

10:53 შაბათი, 13 ნოემბერი 2021

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა, სოზარ სუბარმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოსული ევროპარლამენტარის, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ანა ფოტიგას შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ „ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში“.

ანა ფოტიგას და ლიეტუვის პარლამენტის ორ წევრს გუშინ, გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება არ მისცეს. სუბარის თქმით, არ იცის, რითი იხელმძღვანელა იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღების დროს.

„200-მდე ვიზიტორი ჰყავდა სააკაშვილს და ნამდვილად არ არის ციხე სასტუმრო, რაღაც წესები უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, მართლა არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩამოდიოდნენ, მიდიოდნენ ვანო მერაბიშვილთან, უგულავასთანაც. ჩვეულებრივად ნახულობდნენ, მაგრამ როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ არ იყო სამართლიანი სასამართლოს პირობები დაცული და არის პოლიტპატიმარი, ჯერ აიღოს საქმის მასალები, გაეცნოს, განაჩენსაც, მასალებსაც, ჩვენებებსაც, ევროსასამართლოს გადაწვეტილებასაც გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე და მერე გააკეთოს განაცხადებები.

საქართველო არის სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს ჩვენი გარკვეული ღირსება და მართლა არ შეიძლება ასე გავთელოთ ეს ღირსება ყოველი ფეხის ნაბიჯზე იმიტომ, რომ ვიღაცას ასე სურს და ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში“, – განაცხადა სუბარმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლებოდა, რომ ანა ფოტიგა N18 დაწესებულებაში მისი განცხადებების გამო არ შეეშვათ, სოზარ სუბარმა თქვა, რომ ეს არ იცის, თუმცა ფოტიგას განცხადებებით თავად აღშფოთებულია.

„პირადად მე მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მეგობრობაზე, ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. კეთილი ინებოს, ჯერ შეისწავლოს და მერე ილაპარაკოს. ევროპარლამენტში არის ძალიან ბევრი პარლამენტარი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა განსხვავებულ აზრზეა ამ საქმესთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე რამდენიმე ადამიანი აკეთებს ამ ტიპის განცხადებებს და არა სხვები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტარისა და ლიეტუველი დეპუტატების მიხეილ სააკაშვილთან არ შეშვება არის ხელისუფლების მცდელობა, „ფაქტობრივად იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლისათვისაც ევროპელ პოლიტიკოსებთან პირისპირ შეხვედრა საპატიმროში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი“. როგორც სამადაშვილმა თქვა, სააკაშვილთან თავად შეიტანა ევროპარლამენტარების მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელსაც ორი მთავარი გზავნილი აქვს – ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ასევე, სააკაშვილმა განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]