„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კოორდინაცია, კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ „ევროპული საქართველო“, ცხადია, პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომელთა არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის წევრები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათ პირადად უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
პარტიები – „ლელო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პარასკევს, 15:00 საათზე, თბილისში, სამი ადგილიდან საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მანიფესტაციაზე ელოდებიან ყველა ადამიანს, ვისაც უნდა თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება, განათლებული ახალგაზრდობა და უზრუნველყოფილი უფროსი თაობა.