weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ელენე ხოშტარიას ფაქტორი ერთ-ერთი დომინანტური იყო – მდინარაძე

18:40 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ფაქტორი ერთ-ერთი მთავარი იყო, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრომ ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

„ვიქნები ძალიან გულწრფელი და არ დაგიმალავთ, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ-ერთი დომინანტური ფაქტორი. გამოვიდა ისე, რომ ეს ადამიანი და სხვა მოშიმშილეები ამ სიტუაციურ მოცემულობაში, ამ სიტუაციურმა თანამზრახველებმა გაწირეს და ჩვენ ისინი არ გავწირეთ, სახელმწიფომ ისინი არ გაწირა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს 50 დღეა სააკაშვილი შიმშილობს და ელენე ხოშტარია გაცილებით ცოტა დრო, ხოშტარიას მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე სააკაშვილის. არ მგონია, ვცდებოდე“, – თქვა ჟურნალისტებთან მამუკა მდინარაძემ.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პროცესი ექიმებთან და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაიგეგმება. როგორც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, აღნიშნული ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული.

იუსტიციის სამინისტროს შეთავაზების შემდეგ ელენე ხოშტარიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობდა, შიმშილობა შეწყვიტა. ის სამკურნალოდ უკვე გადაიყვანეს „ნიუ ჰოსპიტალსში“. ელენე ხოშტარიას თქმით, გორის ჰოსპიტალში გადაყვანა მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით გამოსავალია. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით ქვეყანას „საშუალება აქვს, გამოვიდეს არა მთლიანად კრიზისიდან, მაგრამ გადაჩეხვის საფრთხიდან“.

მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში 9 დეპუტატი შიმშილობს. შიმშილობა გამოცხადებული აქვთ ზუგდიდის საკრებულოს წევრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე, ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს და საოპერო მომღერალს, პაატა ბურჭულაძეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]