weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავზე თბილისში ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა

19:34 სამშაბათი, 23 ნოემბერი 2021

„ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა, რომელშიც რიგით მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ ჩაბმული.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ 23 ნოემბერი მნიშვნელოვანი თარიღია და „ქართული ოცნების“ ხელისუფელებას ისტორიის გადაწერის უფლებას არ მისმცენ. მისივე თქმით, არ არის სწორი, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი, მიხეილ სააკაშვილი „ტყვეობაშია“ და ამ ფაქტს არ შეეგუებიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 18 წლის წინ ქვეყანა სახელმწიფოდ გადაიქცა და მსოფლიო რუკაზე ადგილი დაიმკვიდრა.

„ცხოვრება ყველა მიმართულებით შეიცვალა უკეთესობისკენ. მყისიერად გაჩნდა პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად, კრიმინალი და კორუფცია დამარცხდა, რაც 2003 წლის 23 ნოემბრამდე ბევრს წარმოუდგენელი ეგონა. ეტაპობრივად მარცხდებოდა სიღარიბე, უმუშევრობა, კეთილდღეობა მატულობდა, ქვეყნიდან ძალდატანებით წასული ემიგრანტები ბრუნდებოდნენ, განათლების სისტემაში ქრთამს არ იღებდი, ექიმთან როდესაც მიდიოდი, მისთვის დამამცირებლად ფულს ხალათში არ ჩაუკუჭავდი... ისტორიის გაყალბება ვერასოდეს მოხდება. ისტორიული დღე იყო, საზოგადოება გაერთიანდა და მიუხედავად ოპოზიციურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობისა, ყველამ გააკეთა დასკვნა, რომ ცვლილებები გარდაუვალი იყო და ეს ცვლილებები მოახდინეს. დღესაც გვმართებს ერთობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.

ცოცხალი ჯაჭვის აქციაში მომღერალი თამარ ჭოხონელიძეც მონაწილეობდა. როგორც მან თქვა, 18 წლის წინ დიდი ცვლილება ხალხის ერთად დგომის შედეგად მოხდა: „მე მოვუწოდებ ყველა ჩემს ახლობელს, მერე რა, რომ სხვა აზრზე არიან, ახლა საჭიროა ერთად დგომა, იმიტომ, რომ გასააზრებელი გვაქვს ერთი მთავარი სატკივარი - ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და საერთო მტერი გვყავს. ერთიანობა აკლია ქვეყანას და ამიტომ ვართ აქ“, – აღნიშნა ჭოხონელიძემ.

„ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით დღეს წერილი გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებაში მისი ყოფნის 9-წლიან პერიოდში ქვეყანა ყველაზე სწრაფად ვითარდებოდა და „რეგიონის სუპერვარსკვლავად“ იქცა. სააკაშვილი ფიცს დებს, რომ საქართველო „ძველ დიდებას და ბრწყინვალებას“ დაიბრუნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]