„ვინდაიდან ამ ქალაქში კონსტიტუციური უფლებამოსილება - თვითმმართველობა ვერ ხორციელდება, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა აამოქმედოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, რომლითაც უნდა დაითხოვოს ბათუმის საკრებულო და გამოცხადდეს რიგგარეშე არჩევნები.
თვითმმართველობის კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტი დაითხოვს საკრებულოს, ავტომატურად წყდება მერის უფლებამოსილება. შესაბამისად, ამ წუთში, ამ ქალაქში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გასაღები პრეზიდენტის ჯიბეშია.
აქ განვითარებულ ყველა პოლიტიკურ პროცესზე პასუხისმგებელი არის საქართველოს პრეზიდენტი. მას აქვს შანსი, რომ ამ ქალაქს მისცეს სწრაფი განვითარების საშუალება, განმუხტოს კრიზისი.
ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ქამადაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
2021 წლის მოწვევის ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა გუშინ გაიმართა, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. 35-წევრიან საკრებულოში 34 წევრი დარჩა, რადგან ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო, გარდაიცვალა. 34 მანდატიდან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 16 მანდატი აქვს. 17 მანდატი აქვს ოპოზიციას, რაც შემდეგნაირად ნაწილდება: 14 მანდატი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2 – „გახარია - საქართველოსთვის“, 1 – „ლელო საქართველოსთვის“. კიდევ ერთი დეპუტატი, ირაკლი თავდგირიძე, რომელიც საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიის სიით შევიდა, პარტია დატოვა და ახლა დამოუკიდებელი დეპუტატია.
საკრებულოს პირველი სხდომა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომას არ დაესწრო გახარიას პარტიდან ორი არჩეული წევრიც.
საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის „თ“ პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.