weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენმ-დან დმანისის საკრებულოს წევრზე სავარაუდოდ ზეწოლა ხორციელდება

11:50 ხუთშაბათი, 09 დეკემბერი 2021

დმანისის ახალარჩეული საკრებულოს წევრზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რამიზ რამაზანოვზე სავარაუდოდ ზეწოლა ხორციელდება და მას დაკავებით ემუქრებიან. ამის შესახებ „რეგინფოს“, რამაზანოვის თანაგუნდელმა და საკრებულოს წევრმა ლევან მოსეშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ორი დღეა რამიზ რამაზანოვის ადგილსამყოფელი უცნობია.

დმანისის 30-წევრიან საკრებულოში 15 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, 15 კი ოპოზიციას, მათ შორის 13 – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი – კახა ოქრიაშვილის პარტიას „პროგრესი და თავისუფლება“ და ერთიც ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ დეპუტატს. 3 დეკემბერს საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, რადგან ოპოზიციონერი წევრები ბოიკოტს აცხადებენ. მანამდე „ქართული ოცნება“ არ დათანხმდა ოპოზიციის შეთავაზებას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აირჩიონ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რამიზ რამაზანოვს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აიძულებენ, ხვალ, 10 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე მივიდეს იმისთვის, რომ კვორუმი შედგეს და მხარი „ქართული ოცნების“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დაუჭიროს. 

ლევან მოსეშვილის თქმით, რამიზ რამაზანოვი ბოლოს გუშინ, სკოლის ეზოში ნახა, სადაც ის ფიზკულტურის გაკვეთილს ატარებდა. ბოლო წლების განმავლობაში რამაზანოვი ამავე სკოლის დირექტორი იყო, თუმცა ორი კვირის წინ გაათავისუფლეს.

„მითხრა, რომ მასზე ზეწოლა იყო, მისი ნების საწინააღმდეგოდ წაყვანილი ჰყავდათ გუბერნიაში, სადაც „ქართული ოცნების“ წევრებს და ახლად დანიშნულ გუბერნატორს, ასევე აზერბაიჯანელებს შეახვედრეს. უთხრეს – შენი საქმე ივანიშვილამდე არის მისული და რეებს ბედავო. 

ჩვენი შეხვედრის დროს სკოლის გარეთ სუს-ის მანქანა იდგა, მოგვიანებით უცნობი პირიები იქიდან გადმოვიდნენ, მოკიდეს ხელი და წაიყვანეს. არაფერი ვიცით მის შესახებ არა მხოლოდ თანაპარტიელებმა, არამედ არც ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა“, – ამბობს ლევან მოსეშვილი და აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

ლევან მოსეშვილის ინფორმაციით, რამიზ რამაზანოვზე ზეწოლა წინასაარჩევნო პერიოდშიც მიმდინარეობდა.

„არჩევნების წინ სკოლაში აუდიტი შეუშვეს, თუმცა ვერ გადაიბირეს. არჩევნების მერე განმეორებითი აუდიტი ჩატარდა და ახლა დაჭერით ემუქრებიან, ოღონდ იმასაც კი არ ეუბნებან, რა დარღვევის გამო“, – ამბობს ლევან მოსეშვილი.

რამიზ რამაზანოვის ტელეფონის ნომერი გამორთულია. ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში, „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ ის ბოლოს გუშინ ნახეს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მაია გაჯიევას ინფორმაციით, გუშინ დილით რამაზანოვმა გაკვეთილი ჩაატარა.

„დღეს დილით მე-5 კლასთან უნდა ჩაეტარებინა გაკვეთილი, თუმცა არ მოვიდა და არც დარეკა. არ ვიცით, სად არის“, – ამბობს გაჯიევა.

რამიზ რამაზანოვი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოროზმანის თემის მაჟორიტარი გახდა, 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]