„მე და ბატონი რამიზ რამაზანოვი წლების განმავლობაში კოლეგები ვიყავით, ვიცი, ამ ადამიანის შესაძლებლობები და ვიცი, რომ ის შეძლებს ამ პოზიციაზე მუშაობას. ჩვენ ეს თანამდებობა გათვალისწინებული გვქონდა ოპოზიციის კვოტით, ასე ვთქვათ“, – განაცხადა ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა.
რამიზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა. 30-წევრიან საკრებულოში 15 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, 15 კი ოპოზიციამ, მათ შორის 13 – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ერთი – კახა ოქრიაშვილის პარტიამ „პროგრესი და თავისუფლება“ და ერთიც ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
ერთი კვირის წინ, 3 დეკემბერს, საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, რადგან 15-ვე ოპოზიციონერმა წევრმა, მათ შორის რამაზანოვმა, ბოიკოტი გამოაცხადა და სხდომაზე არ მივიდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან რამიზ რამაზანოვზე ზეწოლა ხორციელდებოდა და საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მისვლას აიძულებდნენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში თანაპარტიელები რამაზანოვთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ და როგორც ამბობდნენ, მისი ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. დღეს რამიზ რამაზანოვმა თქვა, რომ ახლობელთან იმყოფებოდა, საკრებულოს სხდომაზე მისვლის გადაწყვეტილება კი დამოუკიდებლად მიიღო და მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
„ზეწოლა არ იყო. უბრალოდ, დმანისში პოლიტიკურ ჩიხში ვიყავით. აქედან გამოსავალი ხომ უნდა იყოს? გადავწყვიტე, რომ ასეა საჭირო“, – თქვა რამაზანოვმა.
რამიზ რამაზანოვი ოროზმანის თემის მაჟორიტარი დეპუტატია. ამავე თემს ის 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოშიც წარმოადგენდა და მაშინ, „ქართული ოცნების“ წევრი იყო.