weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პატრიოტული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს უნდა აჯილდოებდეს – სააკაშვილი

18:26 პარასკევი, 10 დეკემბერი 2021

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს „პირდაპირ რუსულ დაკვეთად“ მიაჩნია.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ლორთქიფანიძე რუსეთის პსეცსამსახურების ერთ-ერთი მთავარ სამიზნედ ითვლება.

„გიორგი ლორთქიფანიძე არა მხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. 

სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი. რაც მთავარია, მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ.

მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არცერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება. პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. 

პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ გიორგი ლორთქიფანიძე სააკაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში ეხმარებოიდა და ჯერ კიდევ აპრილში შეხვდა ტრაილერის მფლობელს, ელგუჯა ცომაიას. პროკურორის მტკიცებით, ლორთქიფანიძემ შეიმუშავა და დაგეგმა, რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მიხელ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. 

გიორგი ლორთქიფანიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2009-2012 წლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. მას უკავშირებენ 2012 წელს საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზებას, გაწვრთნასა და შეიარაღებას. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს პირდებოდნენ „კორიდორის“ მიცემას რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად, რასაც 2012 წლის 28 აგვისტოს, კახეთში, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება მოჰყვა. სპეცოპერაციის შედეგად მოხდა შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია, მათ შორის იყვნენ საქართველო მოქალაქე ეთნიკური ქისტებიც. ასევე დაიღუპა სპეცრაზმის 2 წევრი და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი.

2015 წლის ივნისში გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. იმ დროს უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე იყო, რომელსაც მანამდე ლორთქიფანიძესთან ერთად საქართველოს შს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

2016 წელს საქართველოს პროკურატურამ გიორგი ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი წარუდგინა. იმავე წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლორთქიფანიძე აცხადებდა, რომ მზად იყო საქართველოში ჩამოსვლისა და სასამართლოში გამოცხადებისთვის. 

2016 წლის ნოემბერში გიორგი ლორთქიფანიძე, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]