weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგარეო საქმეთა სამინისტრო ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე განაჩენს გამოეხმაურა

15:20 პარასკევი, 17 დეკემბერი 2021

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ბერლინის უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება 15 დეკემბრით არის დათარიღებული. სწორედ ამ დღეს, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გერმანიის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობდა და თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს.

„ბერლინის ფედერალური მიწის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის მე-2 სენატმა, 2019 წლის 15 აგვისტოს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ.-ს, იგივე ვადიმ ს.-ს მკვლელობისა და ნახევრად ავტომატური მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 

სასამართლოს სენატის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ (ციტატა): „ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის მთავრობაში შემავალი სახელმწიფო ორგანოდან მიიღო ბრძანება, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის, თორნიკე კ.-ს ბერლინში ლიკვიდაციის შესახებ რუსეთის ცენტრალური სახელმწიფოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა და ჩეჩნეთის მეორე ომში მისი როლის გამო“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს.

ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობიდან იყო. ის ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ხანგოშვილი საქართველოდან გერმანიაში 2015 წელს, მასზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ გაემგზავრა და თავშესაფარს ითხოვდა. ის ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მკვლელი – რუსული პასპორტის მიხედვით, ვადიმ სოკოლოვი – იმავე დღეს დააკავეს. 

რუსეთის ხელისუფლება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს, ხოლო საკუთარი მოქალაქისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. 

ხანგოშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობა ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ფაქტს ადეკვატურად უპასუხებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]